"პირველების" ინფორმაციით, პრემიერის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი ინიშნება
თბილისის საკრებულოდან საქართველოს მთავრობაში - "პირველების" ინფორმაციით, პრემიერის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი ინიშნება, რომლის კანდიდატურაც კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.
კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება ახალ ფაზაშია გადასული. "ქართული ოცნებიდან" წამოსული პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძე საარჩევნო კეკლუცობის რეჟიმშია გადასული, ხოლო ღარიბაშვილის პასუხი ღირსების საკითხია.
ლევან გოგიჩაიშვილი ირწმუნება, რომ სამთავრობო ცვლილებებში ქართველი ოლიგარქის ხელი ურევია, რადგან მთავრობაში მყოფი ადამიანები მასთან შეთანხმებულად მოქმედებენ.
უთანხმოება ყველას შორის არის, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი არის. ორი ადამიანი უნდა იყოს კონფლიქტში ერთმანეთთან და თავად უნდა იყოს ამ კონფლიქტის მომგვარებელი. სხვანაირად ამ ადამიანს მართვა არ შეუძლია. პრინციპში, რაც ისწავლა იმას აგრძელებს. ეს პროცესი ღარიბაშვილს აკნინებს, მის ღირსებაზე მოქმედებს. მივა იქამდე სადამდეც გაუძლებს, სადამდეც აიტანს. როგორც ჩანს, ამტანი არის. ღარიბაშვილს ასეთი რაღაცების ატანა შეუძლია. წმინდა პატივმოყვარეობის და თავმოყვარეობის ამბავი არის. აიტანს იმდენს, რამდენი ღირსებაც აქვს. ეს ამბავი დაკავშირებულია მის ღირსებასთან, თუ რამდენად სცემს ის საკუთარ თავს პატივს. რაც მასზე ისაუბრა ივანიშვილმა, როგორც მას მოექცა პირველ ჯერზეც, მეორე ჯერზეც, ჯერჯერობით დეფიციტი ჩანს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი სრულად არის დაცლილი ღირსებისგან", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, ლევან ჟორჟოლიანი ამ დრომდე საკრებულოს წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. მას თანამდებობაზე ოფიციალურად ორშაბათს, 11 მარტს გააფორმებენ.