საპატრიარქო და სახელმწიფო გელათში ფასადურად მუშაობს - ვაჩეიშვილი
ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი საპატრიარქოს და სახელმწიფოს გელათში ფასადურად მუშაობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, რეალურად სამონასტრო კომპლექსში არაფერი კეთდება.
აქ რაღაცნაირი ინტელექტუალური საცობი შეიქმნა. არ ხდება თემის წინსვლა, არ ხდება კრიზის-მენეჯმენტის ამოქმედება და დადება. შესაბამისად, დრო იკარგება, ფრესკები ცვივა. აქ უცხოელები ჩანან, მაგრამ, რეალურად არაფერი არ კეთდება. ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი, გამოცდილი ადამიანების ჩართვა და არა ის ფასადური რაღაცები, რაც დღეს, სამწუხაროდ, საპატრიარქოს კომისიაში და სახელმწიფოში, კულტურის სამინისტროში ხდება", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.
დღეს დილიდან გელათში გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ექპერტები იმყოფებიან - გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა.
როგორ გაგრძელდება გელათში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რამდენიმე თვეში კი დაიდება დასკვნა, რა უნდა ეშველოს მოზაიკას. რაც შეეხება გადახურვას, ექსპერტები ამბობენ, რომ გადახურვაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება არის დაუყოვნებლივ საჭირო, რადგან ის ფაქტი, რომ კედლები დღემდე სველდება გელათში, ეს კიდევ უფრო აუარესებს კედლის მხატვრობის და მოზაიკის მდგომარეობას.