სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს - წულუკიანი
"მიხეილ სააკაშვილი კანონიერ სასჯელს იხდის და საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე"- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საუბარი ვერ იქნება სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე, მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე:
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, - თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა ასევე ისაუბრა ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასტან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებიდან მიღებული ახსნა-განმარტებები საკმარისი არ არის.
„რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი კანონის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მართლმსაჯულების და ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რომ ზურაბ ადეიშვილი, როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რომ მას იფარებს უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო ხელისუფლება. ის დელეგაციების წევრად გვევლინება უკრაინის მხრიდან ხან ბუნდესტაგში, ხან ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენ სრულიად სამართლიანად გამოვთქვით აღშფოთება მაღალ დონეზე და მივიღეთ გარკვეული პირველი ახსნა-განმარტებებიც, მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურებიდან, რომლებიც სრულებითაც არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება მეტი არგუმენტი, რათა გავიგოთ, სამართლებრივ სახელმწიფოებში და სტრუქტურებში, რომლის მთავარი ღირებულებაც არის დანაშაულთან ბრძოლა, როგორ ხდება, რომ, ოფიციალური სტუმრის სტატუსით, კრიმინალი არის მაღალი დონის შეხვედრაზე სამუშაო მაგიდასთან", - განაცხადა წულუკიანმა.
დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.