თითოეული ეს ოპოზიცური პლატფორმა არის დე ფაქტო კოალიცია - ბერძენიშვილი
"თითოეული ეს ოპოზიცური პლატფორმა, თითოეული ნომერი არის დე ფაქტო კოალიცია", - ამის შესახებ "დღის ამბებთან" "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე 4 პლატფორმაა გამოკვეთილი, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების კოორდინაცია. ბერძენიშვილის თქმით, ოთხი საარჩევნო პლატფორმა ასე გამოიყურება: ნიკა მელიას მიერ დაანონსებული პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, ასევე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პლატფორმები.
როგორც ბერძენიშვილი "დღის ამბებთან" ამბობს, სააკაშვილი და გახარია გავლენ ცალკე, თავისი საარჩევნო ნომრით - "რაც შეეხება დანარჩენებს, მივმართავ სხვებს, რომ მოძებნონ ადგილი 9-ში, 4-ში თუ ვინმეს შეუძლია 25-შიც".
დავით ბერძენიშვილის თქმით, პარტიები ამ პლატფორმებზე უნდა გადანაწილდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პარტიების ხმები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მათი ხმები სწორედ „ოცნებაზე“ გადანაწილდება.
4 იქნება თუ 5 იქნება ეს გამოჩნდება ზაფხულში, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ასე ჩანს, რომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ თითოეული ეს ოპოზიცური პლატფორმა, თითოეული ნომერი არის დე ფაქტო კოალიცია, 5 ნომერიც არის დე ფაქტო კოალიცია, ვაშაძეც ხომ იქ არის, არავინ აპირებს საკუთარი პარტიების გაუქმებას. მათ შორის არც სხვა პლატფორმებშიც რომ აღმოჩნდება, ვვარაუდობ, სხვადასხვა პარტიის ლიდერი ერთი თუ ორი წარმომადგენლით, არც ისინი დააპირებენ გაუქმებას პარტიების, უბრალოდ მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ხელისუფლებამ იცის, მისი მარცხის ფორმულა არის დე ფაქტო კოალიციები, ამიტომ ამ კოალიციებს და ამ ბლოკებს ქოლავს,“ - ამბობს ბერძენიშვილი.