მოვა დრო, როცა დავსხდებით, სავარაუდოდ, და დავიწყებთ ლაპარაკს - ჯაფარიძე "ახალსა" და "ლელოზე"
„ერთ კვირაში, ორ კვირაში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მოვა დრო, როცა დავსხდებით, სავარაუდოდ, და დავიწყებთ ლაპარაკს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უკეთესი,“ - ამ განცხადებას „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „რეაქციაში“ აკეთებს.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მის პარტიას კომუნიკაცია აქვს, როგორც გვარამია-მელიასთან, ასევე ლელოსთან.
კომუნიკაცია ახლაც გვაქვს, მგონია რომ კომუნიკაცია ნორმალურია. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ლელოსთანაც, დღესაც გვქონდა ლელოს წარმომადგენელთან კომუნიკაცია - არის რაღაც საკითხები, რაზეც ვხვდებით ხოლმე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის პარტიულ ფორმატში და რაღაცებს განვიხილავთ, მათ შორის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გამარტივების პროცესი არის საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად, რეგულარულად რაღაც ტიპის შეხვედრები გვაქვს და რაღაც საკითხებს გავდივართ და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ის, რომ ძალების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ეს არის ერთ-ერთი განხილვის საკითხი და ამაზე მისაუბრია, როგორც გვარამიასთან, ისე მელიასთან, ამაზე მისაუბრია ლელოსთან, ოღონდ არცერთ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რომ ხვალ რაღაც ერთობას ვაკეთებთ,“ - ამბობს ჯაფარიძე.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ ეტაპზე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანება არ იგეგმება, თუმცა ვარაუდობს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება გარდაუვალი იქნება. ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არის გაერთიანება მნიშვნელოვანი - ამით ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგება.
მომავალს რაც შეეხება, ამ წუთის მდგომარეობით, ორივე ნიკამ ახალი პარტია დააფუძნა და აპირებენ თვითონ რაღაცების კეთებას. ლელოს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ისინიც აპირებენ საკუთარი იდენტობის გამოკვეთას და საკუთარ თავზე მუშაობენ. ჩვენც ვართ ამ რეჟიმში, ჩვენს თავზე ვმუშაობთ, კამპანიის დაწყებას ვაპირებთ, მაგრამ გააზრება იმისა, რომ ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლებაში არის ის, თუ ოპოზიცია დარჩება ფრაგმენტირებული და ის წაიღებს იმ ხმებს, რაც მათ არ ეკუთვნით, ოპოზიციურ ხმებს. ეს გააზრება გვაქვს ჩვენ - მე და ლაკას, ეს გააზრება აქვს ორივე ნიკას, ეს გააზრება აქვს ლელოსაც.
ერთ კვირაში, ორ კვირაში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ მოვა დრო, როცა დავსხდებით, სავარაუდოდ, და დავიწყებთ ლაპარაკს,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ახალის“ გაერთიანება გირჩი-დროასთან იმიტომ არ მოხდა, რომ მელიამ ელენე ხოშტარიას პოზიციის გამო უკან დაიხია, ჯაფარიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
მიზეზები, რაც თქვენ დაასახელეთ არ ყოფილა. არაფერი ასეთი არ ყოფილა, რომ რადგან ხოშტარიას ნათქვამი აქვს, რომ კეზერაშვილი მისი მეგობარია, ამის გამო რაღაც ჩაიშალა, ეს არის ზღაპარი,“ - ამბობს ჯაფარიძე.