"ოცნებამ" პარლამენტი ციხედ აქცია - ლევან ბეჟაშვილი
"ოცნებამ" პარლამენტი ციხედ აქცია, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტში ხის დარაბების დაყენებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მსგავსი ქმედებები, ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობისგან უფრო და უფრო აშორებს.
პარლამენტიც გადააქციეს ციხედ, სადაც სპეცსამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ დერეფნებში ვინ მოძრაობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აუკრძალეს შეხვედრებზე დასწრება, ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დააწესეს და მორიგი გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ უფრო აშორებს ივანიშვილის პარტიას საქართველოს მოსახლეობისგან, - ამბობს ბეჟაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.
ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.