რა უნდა გაკეთდეს სასამართლო სისტემის მოსაწესრიგებლად - TI ხელისუფლებას მიმართავს
"დაინახეთ პრობლემა, ჩაატარეთ რეფორმა, შექმენით გაჯანსაღების სტრატეგია", - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას უხსნის, თუ რა უნდა გაკეთდეს სასამართლო სისტემის მოსაწესრიგებლად.
გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი დათქმის შესასრულებლად, მათ შორის, საჭიროა, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ კანონის მიღება დაასრულოს.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში წერია, რომ აუცილებელია კარიერულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემა, რაც უკეთესი ბალანსის დადგენას შეუწყობს ხელს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:
- სამუშაო პროცესის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
- კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა, რომელიც საგამონაკლისო წესით შეაფასებს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს; სასამართლოების თავმჯდომარეებს; ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასანიშნ/ასარჩევ კანდიდატებს; ამ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
- კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვას, მოსამართლეთა მივლინების საფუძვლების დაკონკრეტებას და ამ პროცესში საბჭოს დისკრეციის შეზღუდვას და დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას შეეხება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვაში იგულისხმება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დაბალანსებული როლი, საბჭოს წევრების მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა და საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივი განახლების შესაძლებლობა.
- პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდა.
- პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკომისიის ტექნიკური თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის სისტემის (TAIEX) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს კარიერულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემა და საპროკურორო საბჭოში პროკურორ და არაპროკურორ წევრებს შორის უკეთესი ბალანსის დადგენა.
განცხადების ვრცლად სანახავად ეწვიეთ ბმულს.