მუქარა აგვისტოს ომის გამოძიებით - "ოცნების" რადიკალურ ფრთას მთავრობა ემიჯნება
"ოცნების" რადიკალურ ფრთას მთავრობა ემიჯნება. პირველად, "ხალხის ძალის" ინიციატივის დაპაუზებაზე პრემიერი ალაპარაკდა. ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ახლა ქვეყანაში უნდა დაიწყოს აგვისტოს ომის გამოძიება. ამ იდეით პარლამენტში დღეს "ხალხის ძალა" მივიდა. მიზეზი ისევ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადაწყვეტილებაა საკაშვილის შეწყალების შესახებ. თუ შეიწყალებს, დავიწყებთ გამოძიებას - ასე იმუქრებოდნენ დღეს სუბარი-ხუნდაძის ჯგუფიდან
"ოცნება" თავის დანაყოფებიანად თანახმდება, რომ აგვისტოს ომს რუსეთის გარდა კიდევ ერთი დამნაშავე ჰყავს და ის მიხეილ სააკაშვილია. არადა ამ საკითხს ჰააგის სასამართლომ წერტილი უკვე დაუსვა და გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოაცხადა.
იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექნება საფრთხე ქართული ჯარის და სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი.
მე არჩევნებამდე, ყოველ შემთხვევაში, ამ თემას არ შევეხებოდი, ქართველ ხალხს აქვს უკვე გამოტანილი განაჩენი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში.
მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი ამ თემას, თუმცა ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მე არჩევნებამდე არ შევეხებოდი, მე მირჩევია, რომ არჩევნების დღეს ხალხმა გამოუტანოს განაჩენი ნაცმოძრაობას,“ - ამბობს კობახიძე.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას თბილისის მერიც ეხმაურება. მისი თქმით არჩევნების შემდეგ ამ საკითხის წინ წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაში მოსალოდნელი არჩევნებია.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც მიღებული რეზოლუციები, ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში ხდებოდა. ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს, ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სააკაშვილის პარტიაში კი აცხადებენ, რომ ივანიშვილის პარტია ყურადღების გადატანას ცდილობს.
ივანიშვილის პარტია ცდილობს ყურადღების გადატანას და პასუხისმგებლობის აცილებას იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც ივანიშვილის მმართველობის 12-წლიანმა პერიოდმა მოიტანა ჩვენთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ივანიშვილის პარტიის ანასხლეტის ეს მორიგი პროპაგანდა სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.