ვაფრთხილებთ კრიმინალურ სამყაროს, გაერიდეთ ბინძურ პოლიტიკას! - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი რუსული ციხიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ზაქრო კალაშოვის გათავისუფლებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება. შალვა ნათელაშვილი გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებში კრიმინალური სამყაროს მობილიზაციის და ჩართვის მცდელობით ხსნით. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება, რომელსაც ძლააუფლების დაკარგვა არ სურს, მოქალაქეების ტერორს და მათზე ზეწოლას ისევ აპრობირებული მეთოდით, კრიმინალების დახმარებით გეგმავს.
შალვა ნათელაშვილმა კრიმინალურ სამყაროს მოუწოდა, გაერიდონ პოლიტიკას, რადგან სხვა შემთხვევაში მძიმე შედეგებს მოიმკიან.
ოლიგარქიული რეჟიმი და კრემლი ძალაუფლების შესაძლო დაკარგვის შიშით თავზარდაცემულნი მიდიან ყოველვგარ უზნეო და კრიმინალურ ტრადიციულ ღონისძიებებზე, რათა რამენაირად არჩევნებში მოახდინონ მთელი კრიმინალური სამყაროს მობილიზება, მათი საშუალებით მოსახლეობის დატერორება და მიტაცებული, ოკუპაციური რეჟიმის დატოვება ქართველი ხალხის დასამონებლად კიდევ 4 წელი.
ამ მიზნით გუშინ ოლიგარქიული რეჟიმის რეკომენდაციით საქართველოდან რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ვადაზე ადრე გაათვაისუფლეს N1 კანონიერ ქურდად წოდებული თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტი ვინმე კალაშოვი, რომელსაც ევალება მთელი კრიმინალური სამყაროს, ქუჩის შპანას, ნარკომოვაჭრეთა სისტემის მობილიზება საარჩევნო გაყალბებისა და ძალადობისთვის.
პარალელურად, უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში ამზადებს ამნისტიის კანონს და უმძიმეს დამნაშავეთა, მათ შორის მკვლელები, ნარკობარიგები, პედოფილები, ამათ გამოშვებას ციხიდან, რათა ჩართონ საარჩევნო აქტივში.
ჩვენ ვაფრთხილებთ, კრიმინალურ სამყაროს, პირველ რიგში, რომ ყოველგვარი თქვენი აქტიურობა დაფიქსირებული იქნება სპეციალურ შავ სიაში და თქვენი გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოში ცხოვრება, იქნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უაღრესად პრობლემური. გაერიდეთ ბინძურ პოლიტიკას!, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი "შაქრო მოლოდოი" (ნამდვილი სახელი ზაქრო კალაშოვია) სასამართლომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. გადაწყვეტილება 70 წლის კრიმინალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაყრდნობით არის მიღებული.
ცნობისთვის, 2018 წლის მარტში შაქრო მოლოდოის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით მიესაჯა. მას ბრალი გამოძალვის ბრალდებით წარედგინა და დამნაშავედ ორ პუნქტში იქნა ცნობილი.