მივმართავთ პროკურატურას, არ შეწყვიტოს გამოძიება შეურაცხადობის სიმულაციაში ეჭვმიტანილი მოძალადე კაცის მიმართ - "უფლებები საქართველოს"
მივმართავთ პროკურატურას, არ შეწყვიტოს გამოძიება შეურაცხადობის სიმულაციაში ეჭვმიტანილი მოძალადე კაცის მიმართ - ამ განცხადებას "უფლებები საქართველო" ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს.
საქმე ეხება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მცხოვრებლების მიმართვას, რომლებიც ამბობენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე კაცი ნასამართლეობას ადგილობრივების დასაშინებლად იყენებს, უკვე მრავალი წელია ავიწროებს სოფლის მოსახლეობას, შეურაცხყოფას აყენებს მეზობლებს და ითვისებს მათ ქონებას.
მოძალადის მორიგი მსხვერპლი ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ქარაია და მისი დედა მახუტი ქარაია გახდნენ.
15 თებერვალს, მოძალადე მამაკაცი თამარ და მახუტი ქარაიებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ისინი მას თავიანთი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას არ მისცემდნენ. ინციდენტის გამო, მახუტი ქარაია გულის შეტევითა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი კი დააკავეს. მას ბრალი მუქარასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედება.
თამარ ქარაია და მისი დედა დაზარალებულებად არიან ცნობილები. მათ ინტერესებს იცავს „უფლებები საქართველო“.
საქმეში ჩართვისთანავე “უფლებები საქართველოს” იურისტებმა მოითხოვეს საქმის მასალების გადმოცემა. „უფლებები საქართველომ“ საგამოძიებო ორგანოს ასევე მიმართა მოწმეების გამოკითხვისა და ერთ-ერთი დაზარალებულისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
ბრალდებულის მიმართ დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა ბრალდებული პირის ფსიქიკური შეურაცხადობა. თუმცა, დაზარალებულები და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევა მოხდეს სტაციონარული წესით, თუმცა,საგამოძიებო ორგანო თავს არიდებს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას და გეგმავს, საქმეზე გამოძიება შეწყვეტოს ბრალდებულის შეურაცხადობის მიზეზით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნაბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის.
„უფლებები საქართველოს“ იურისტები და დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის მიმართ გამოძიების შეწყვეტით შესაძლებელია, დაზარალებულების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, სრულყოფილად გამოიკვლიოს ძალადობის ფაქტები და საქმის მასალები, ჩაატაროს ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მხოლოდ მტკიცებულებების სრულფასოვნად გამოკვლევის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება," - წერია განცხადებაში.