წელს მიწების 50% დაუმუშავებელია, რადგან საწვავის ფასმა კატასტროფულად მოიმატა, რაც ადამიანების სოფლიდან გაქცევას იწვევს - ბოტკოველი
"წელს მიწების მინიმუმ 50% დაუმუშავებელია, რადგან საწვავის ფასმა კატასტროფულად მოიმატა", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი მოტკოველმა გააკეთა.
მისი თქმით, მოცემული გარემოება ადამიანების სოფლიდან გაქცევას განაპირობებს.
სოფლის მეურნეობა არის სფერო, სადაც რეალურად ჩანს თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ივანიშვილის პარტიამ გლეხი, ამ შემთხვევაში ფერმერი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც ფაქტობრივად ვხედავთ ძალიან ბევრ მიწას დაუმუშავებელს. და რამ გამოიწვია ეს? გამოიწვია იმ ფასებმა, რა ფასებიც არის როგორც მექანიზაციის მიმართულებით და რა თქმა უნდა მთავარი ამაში არის საწვავის ფასი და ასევე ის საშუალებები, მცენარეთა მოვლის საშუალებები რითაც უნდა მოიყვანოს ადამიანმა მოსავალი. ივანიშვილის პარტია, ხელისუფლება ყველაფერს ადარებს 2012 წელს გარდა ფასებისა და ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში ხელის გულზე დევს თუ რა არის ფასები, გაორმაგებული, გასამმაგებულია ყველა იმ მოვლის საშუალების ფასი, რაც რეალურად სჭირდება გლეხს, რომ მოსავალი მოიყვანოს. წელს მიწების მინიმუმ 50 პროცენტი არის დაუმუშავებელი, იმიტომ რომ საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია და შემდგომი სერვისები, რომელიც უნდა მოიხმაროს გლეხმა არის კატასტროფულად გაზრდილი. ეს იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან. სოფლები რომ შემოვიაროთ ახლა, არ არსებობს სოფელი, საიდანაც გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა არ არის წასული ემიგრაციაში. რეალურად ივანიშვილის და მისი პარტიის სურვილიც არის ეს, რომ ქვეყანა დაიცალოს ქართველებისგან, ქვეყანა დაიცალოს მუშახელისგან და შემდგომ უკვე მართვის სადავეები მათ ჰქონდეთ, როგორც არჩევნებზე ისე სხვა შემთხვევებში. ამიტომ მთავარი გამოსავალი არის ერთი რამ, უნდა შევცვალოთ ის ხელისუფლება, რომელმა ხელისუფლებამაც გლეხს დაუკარგა იმ შრომის ფასი, რომლითაც მან საკუთარი ოჯახი უნდა შეინახოს!“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.