რა უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობა მოიპოვოს? - "სასამართლოს გუშაგმა" დისკუსია გამართა
რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობა მოიპოვოს? - ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია "სასამართლოს გუშაგმა" გამართა.
"მრუდე გზით სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ" - ასე ეწოდება იმ ღონისძიებას, სადაც სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე მართლმსაჯულების სისტემებზე მომუშავე ადამიანები მსჯელობდნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, იმისთვის, რომ სისტემა გავლენებისგან გათავისუფლდეს და სასამართლო დემოკრატიულ ჩარჩოებს დაუბრუნდეს, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება და კლანის ჩამოშლაა საჭირო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ასევე აუცილებელია ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვა, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას შეამოწმებს.
ჩვენი ღონისძიება ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ინდივიდუალური მოსამართლის როლს, ვინაიდან ვერ შედგება სასამართლო დამოუკიდებლად, თუკი ინდივიდუალური მოსამართლე არ იქნება ძლიერი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები თავს ესხმიან მოსამართლეებს. მათი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ განცხადებებით ისინი ცდილობენ მოსამართლეების დაშინებას. მნიშვნელოვანი არის, რომ შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას და ეს ეხებათ მაღალ თანამდებობაზე დანიშნულ მოსამართლეებს. საუბარია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეზე, საბჭოს წევრებზე და სასამართლოების თავმჯდომარეზე", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.