"უნდა დასრულდეს ეს სიღარიბე, რა სიღარიბეშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ" - სოფო ჯაფარიძე ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის კამპანიას ბორჯომის და ბაკურიანის მკვიდრებიც უერთდებიან - მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის თქმით, გაჭირვება და უიმედობა არის ის მთავარი გამოწვევა, რომლის შესახებაც ხალხი საუბრობს.
ვიმყოფები ბორჯომის ბაზარში. მოვისმინე ამ ადამიანების პრობლემები და წარმოუდგენელია, რა პრობლემების წინაშეც ისინი დღეს დგანან. მომატებული ფასები პროდუქტებზე, გაძვირებული საწვავი. ფაქტობრივად, დაცარიელებული არის ბაზარი. აქამდეც კი ვერ მოდიან ადამიანები, რომ საკვები შეიძინონ. უდიდესი პრობლემების წინაშე არიან დღეს ჩვენი მოქალაქეები და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, დიახ, ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება. უნდა დასრულდეს ეს სიღარიბე, რა სიღარიბეშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ეს ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ სამუშაო ადგილებს, ღირსეულ ანაზღაურებას, პენსიას", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.