საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება - დავითაშვილი
საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო,ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ასევე, გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგაპროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის, ძირითადად, ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც, მათ შორის, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება. დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.