დღეიდან უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები - ზურაბიშვილი დიასპორას

16.03.24 20:24
დღეიდან უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები - ზურაბიშვილი დიასპორას

მიმდინარე წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და მასში თქვენი, როგორც დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებს მოუწოდა მაქსიმალურად ჩაეწერონ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყონ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად.

დიდი ხანია დიასპორიდან არჩევნებისადმი ასეთი ინტერესი არ ყოფილა და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია ახალ იმედთან, რაც დაიბადა მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელი, მოსალოდნელი და საიმედოა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური აქტიურობაა საჭიროა. 

დიასპორაში დღეს დაახლოებით, ჩვენი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, ეს აბსურდია. ეს ნიშნავს იმას, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არ იყო საჭირო ძალისხმევა განხორციელებული. 

ეს ძალისხმევა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ, ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება - პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქედან ვიყოთ ჩართული, რათა მაქსიმალურად გაგიადვილოთ ეს პროცესი; მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა და მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად ჩაეწეროთ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად. 

არ დაგიმალავთ, რომ ეს ალბათ, ადვილი არ იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და ამ კუთხით არის მხარდაჭერა, მაგრამ საჭირო იქნება დიდი მობილიზება რათა, ის, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ,,რატომაც არა, მაგრამ რთულია“, - გაკეთდეს! ეს დროულად უნდა გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნებამდე ერთი თვით, თუ ორმოცი დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ამაზე ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს. 

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრაში მონაწილეობისათვის და შემდეგი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად მივაღწევთ იმას, რომ დიასპორა ამ არჩევნების მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 კაცი მოამზადებს დოკუმენტს და მოაწერს ხელს, დოკუმენტის დედანი უნდა მიიტანოს საკონსულოში, ან გადაუგზავნოს მას ფოსტით.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 70-ზე მეტი ქალაქიდან.

მსგავსი სიახლეები