პრეზიდენტი დიასპორას: არალეგალების არჩევნებზე მისვლისას დეპორტის საშიშროება არ არსებობს
არალეგალების არჩევნებზე მისვლისას დეპორტის საშიშროება არ არსებობს - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვრცელდება ხმები, რომ ეს საფრთხე არსებობს, სწორედ იმისთვის, რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა.
არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი.
არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ამის ბევრი მაგალითია - ბევრი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნები ტარდება საელჩოებში, ან სხვადასხვა უბნებში, იქ რიგებია იმ ადამიანების, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან და ეს, ამ ფორმით, არ არის გამოყენებული [დეპორტაციისათვის] და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
ზოგჯერ ვრცელდება [მსგავსი ინფორმაცია] საშიშროებასა და საფრთხეზე, სწორედ იმისთვის რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ესეც არის რაღაც ფორმის პროპაგანდა - ანტისაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც უნდა დავძლიოთ და ვიცოდეთ, რომ ეს [არჩევნებში მონაწილეობა] შეიძლება. მიდით თქვენს საელჩოებში (მიდიხართ კიდეც სხვადასხვა საჭიროებისათვის) და ეს არასოდეს ყოფილა დეპორტის მიზეზი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.