ცესკოს მიტაცების მცდელობა - ოხანაშვილმა სიორიძის სიტყვით გამოსვლა დაბლოკა
ცვლილებები ცესკოს კანონში - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილი დღეს ბლოკავდა ყველას, ვისაც ცესკოს მიტაცებაზე საუბარი უნდოდა. ცესკოში ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობის გაუქმებას "ოცნებამ" მხარი ისე დაუჭირა, რომ სიტყვა გიორგი სიორიძისთვის არ მიუციათ.
სიორიძე საკანონმდებლო ორგანოში იმყეფობდა, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ისმენდა და სთხოვა ანრი ოხანაშვილს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონის ჩართვაზე უარი უთხრა.
მე ვთხოვე ანრი ოხანაშვილს, რომ მოეცა ჩემთვის სიტყვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაასრულა თავისი გამოსვლა და ვთხოვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მე ახლა ცესკოს სხდომაზე უნდა წავიდე, სადაც ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა ყოფნა. ისე აუქმებენ ჩემს თანამდებობას, პირდაპირ, პრაქტიკულად, ჩემი სახელი ჰქვია მეორე პუნქტს კანონპროექტისა, რომ უნდა შეწყდეს ჩემი უფლებამოსილება და ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მე არ მომცემია არცერთ ფორმატში. ამ თხოვნის მიუხედავდა, უარი მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ გვერდზე მეჯდა პიროვნება, რომელიც წარდგენილია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2022 წლის დეკემბერში. ორკვირიანი ვადა ჰქონდა პარლამენტს მისი კენჭისყრისთვის და 2 წელი ხდება, არ დაუყენებიათ ეს პირები კენჭისყრაზე. ასე ექცევიან ისინი საკონსტიტუციო, საკანონმდებლო მოთხოვნებს და მაშინ, როდესაც არ აწყობთ კრიტიკული ხმის მოსმენა და ჩემი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობას როცა ეხება, მაშინ ითხოვენ რაღაცა წესების დაცვას. არ სურთ, საზოგადოებამ მოისმინოს სიმართლე პარლამენტის საკომიტეტო განხილვიდან, - ამბობს სიორიძე.