კოალიციას შევუქმენით "ოცნებას" - "ხალხის ძალა" პარტიად გაფორმდა

18.03.24 13:27
კოალიციას შევუქმენით "ოცნებას" - "ხალხის ძალა" პარტიად გაფორმდა

"ქართული ოცნების" სატელიტმა პარტიამ "ხალხის ძალა" არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამ წუთებში სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის დანაყოფი და მათი მომხრეები შერატონში არიან შეკრებილი, სადაც პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. პარტიის მთავარი კომიტეტის წევრებად კი დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს.

ანტიდასავლური გზავნილებით ცნობილი დაჯგუფება აცხადებს, რომ მათი ამოცანა ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა. არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ხალხის ძალის ლიდერები ადასტურებენ, რომ მზად არიან ხელისუფლება "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციურად მართონ.

იმ პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენ ამას არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გადავლახავთ 5-პროცენტიან ბარიერს. (კოალიციის შესაქმნელად ოცნებასთან მზად ვართ) ნაციონალებთან ხომ არ შევქმნით კოალიციას, ღმერთმა დაგვიფაროს.
(ჟურნალისტი: კონკურენტი ვინ იქნება?) ოცნება, ალბათ, მეტი არავინ. 
(ჟურნალისტი: აპირებთ დაამარცხოთ?) გამორიცხულია, ჩვენ ვართ უმრავლესობაში და გვაქვს პრეტენზია, რომ გადავლახოთ ბარიერი, ამის რეალური მხარდაჭერა მოსახლეობისგან გვაქვს,“ - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, გასამართლდეს ის რეჟიმი, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში, გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის პარტია და ყველაფერს აეხადოს ფარდა, მათ შორის როგორც ომთან დაკავშირებით, ასევე სხვა პროცესებთან დაკავშირებით.
საკმაოდ ბევრის (აღებას), 5 პროცენტის გადასალახად შექმნილი პარტია ხომ არ ვიქნებით,“ - ამბობს დაჩი ბერაია.

მსგავსი სიახლეები