"დაშინების მცდელობა" - მაია მწარიაშვილი გიორგი მიქაუტაძეს პასუხობს

18.03.24 18:36
"დაშინების მცდელობა" - მაია მწარიაშვილი გიორგი მიქაუტაძეს პასუხობს

"დაშინების მცდელობა"- ასე აფასებს იურისტი, მაია მწარიაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ მისი მისამართით დღეს გაკეთებულ განცხადებებს. 

"რაც მე ვთქვი, რომ მოსამართლის ხელფასით შეუძლებელია ამხელა მიწის შეძენა და ამხელა დანახარჯების გაწევა, მან ზუსტად იგივე თქვა დღეს" - თქვა "პირველებთან" ადვოკატმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეული მოსამართლის საპასუხოდ. 

ამასთან, მაია მწარიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ კონკრეტული მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

თბილისის ყოფილი პროკურორი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ასეთი რეფორმა საზოგადოების ნდობის გაზრდასა და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.

მწარიაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და დიდ კორუფციულ რისკებზე ღიად დააფიქსირონ აზრი: 

როგორც ჩანს, აქვთ მცდელობა ამ კლანს, რომ თავისუფალი პროფესიის ადამიანებიც დაგვაშინონ. ეს ბრიფინგი ემსახურებოდა ამას. მე კომენტარი გავაკეთე, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ხოლმე, სატელევიზიო სივრცეში საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს სიუჟეტი ეთერში წინა შაბათს გავიდა და ამ ფაქტებთან დაკავშირებით მე არ მომისმენია იმავე მოსამართლის ასეთივე ბრიფინგი უზენაეს სასამართლოში, რომელიც უარყოფდა რომელიმე ფაქტს, თითქოსდა მე განვაცხადე, რომ მოსამართლის ხელფასით შეუძლებელია ამხელა ქონების შეძენა და თავად თქვა, რომ ხელფასით არ შემიძენია. პრინციპში, რაც მე ვთქვი, რომ მოსამართლის ხელფასით შეუძლებელია ამხელა მიწის შეძენა და ამხელა დანახარჯების გაწევა, დღეს კიდევ ერთხელ მოვუსმინე ჩემს განცხადებას, და მან ზუსტად იგივე თქვა დღეს.

ვეტინგის დროს ჩვენ არ ვიცით,  ვინ შეამოწმებს ჩვენს კეთილსინდისიერებასო, სამაგიეროდ მე ვიცი, რომ ჩვენს სასამართლოში ჩემი სარჩელის განხილვაში ვინ მიიღებს მონაწილეობასო. რასაკვირველია, ჩვენი სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის და კლანის წევრებისთვის ძალიან მოხერხებულია ამ სასამართლოში დავა. სწორედ ამას ვამტკიცებთ. ამ ქვეყანაში ჩვენი კოლეგები ბევრი არ საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და დიდ კორუფციულ რისკებზე. ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ ცოტა მეტად და თამამად დააფიქსირონ ხოლმე აზრი", - ამბობს მწარიაშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ - გიორგი მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ  მაია მწარიაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოსამართლის ოჯახმა წლის განმავლობაში დივიდენდის სახით მიიღო 14 000 ლარი მიიღო. 

გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ იურისტ მაია მწარიაშვილს მის შესახებ „ცრუ ფაქტების” გავრცელების გამო სასამართლოში უჩივლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ სამოქალაქო დავით ითხოვს ადვოკატმა გავრცელებული "ფაქტები უარყოს“.

მსგავსი სიახლეები