პაპუაშვილი, ოპოზიციის, NGO-ებისა და "ზოგიერთი საელჩოსგან" ბოდიშს ითხოვს
შალვა პაპუაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ მოსამართლეთა “ვეტინგის“ თემა ხელისუფლების მხრიდან დახურულია - პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეთა მიმართ ოპოზიციის, NGO-ებისა და ზოგიერთი საელჩოსგან ბოდიშს ითხოვს.
პაპუაშვილის თქმით, სამუშაო ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიერ მიღებულ ვერც ერთ უსამართლო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ასახელებს, რაც სასამართლოში სისტემური პრობლემის არსებობას დაადასტურებს.
ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლეთა მიმართ ოპოზიციის, NGO-ებისა და ზოგიერთი საელჩოს წუხილი და ბოდიში მოვისმინოთ, ვხედავთ, მათ აროგანტულ პოზიციას, რომ უნდა გადავხიოთ კონსტიტუცია, დავივიწყოთ დამოუკიდებლობა და ვთქვათ, რომ არა ვართ ხალხი ვისაც აქვს უნარი, ქვეყანა თავად მართოს და როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვიწოდა, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ და რასაც მოგვიწოდებენ, ის ვაკეთოთ.
ერთი თვეა “ვეტინგის“ საკითხზე განსჯაში შევედით. აღნიშნულ თემაზე მათ შორის სამუშაო ფორმატში გვქონდა საუბარი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იყო ჩართული. დაისვა კითხვა, გვითხარით საფუძველი იმისა, რატომ არის საჭირო “ვეტინგის“ ჩატარება - სამართლიანი მართლმსაჯულების რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს? გვითხარით, სასამართლო გადაწყვეტილების ერთი ან ორი მაგალითი, რომ იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რაც სისტემურ პრობლემას აჩვენებდა - საერთოდ ვერაფერი თქვეს! ხომ შეიძლება ერთი მაგალითი გვითხრან, მაგრამ იცით რატომ ვერ გვეუბნებიან? - ვერ გვეუბნებიან იმიტომ, რომ რაც აქამდე დაასახელეს, ყველაფერში მტყუანი აღმოჩნდნენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.