საპატრიარქოს ღარიბაშვილმა 30 000 000 ლარი მისცა, კობახიძემ 5 000 000 დაუმატა - ახალი დეტალები

19.03.24 12:49
საპატრიარქოს ღარიბაშვილმა 30 000 000 ლარი მისცა, კობახიძემ 5 000 000 დაუმატა - ახალი დეტალები

მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის 35 000 000 ლარის გადაცემის თემაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ საპატრიარქოს  დაფინანსება ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა გაზრდა, შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ექსპრემიერმა გასულ წელს ეკლესიას 30 000 000 გამოუყო, წელს კი კობახიძემ ამ თანხას 5 000 000 დაამატა. 

30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გარკვეული საჭიროებები იყო, რის გამოც, აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, 5 მილიონი დავამატეთ, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ ხმების მობილიზებას, პრემიერმა უპასუხა, რომ ამას „არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.

ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს, 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს ხმარდება და ეს დაფინანსება დამატებით, 5 მილიონით გაიზარდა.

საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, 50-ია დაახლოებით, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის, სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ასეთი ათეული დაწესებულებაა, მთლიანობაში 5 მილიონით მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის  N375-ე განკარგულება - 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს. 

დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.

ცნობისთვის, საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ფინანსდება. 

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები