ნატო-მ ევროკავშირისგან აიღოს მაგალითი და საქართველოს რეალური გეგმა დაუსახოს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს მოუწოდებს ევროკავშირისგან მაგალითი აიღოს და საქართველოს რეალური გეგმა დაუსახოს შემდეგ ეტაპზე გაწევრიანების კუთხით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ბურთი უკვე დიდი ხანია ნატო-ს მხარეს არის" და საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მხრიდან რეალური გეგმები წარმოდგენილი იქნება.
საქართველო უკვე დიდი ხანია არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე გაწევრიანების და ისევე, როგორც ევროკავშირში, ნატო-მაც მაგალითი ევროკავშირისგან აიღოს და საქართველოს რეალური გეგმა, რეალური მიზნები დაუსახოს, რომლითაც ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ რაღაც მიზნებს, თუ მივაღწევთ ამ შემთხვევაში გაწევრიანება იქნება. ასე რომ, საქართველო, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობების მხრივ არის მზად. შეგახსენებთ, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ჩვენ საშუალოდ ნატო-ს 5-დან 10-მდე წევრ ქვეყანას ვუსწრებთ, როგორც კორუფციის ნაკლებობის, ისე დემოკრატიული განვითარებისა და სხვა ეკონომიკური სიადვილით ბიზნესის წარმოების და სხვადასხვა მაჩვენებლებით.
რაც შეეხება თავსებადობას ქართული შეიარაღებული ძალებისა, აქაც აბსოლუტურად თავსებადია. დაახლოებით 80%-ს ჩვენი შეიარაღებული ძალებისა აქვს სხვადასხვა სახის გამოცდილება ნატო-ს ჯარებთან ერთად წვრთნებისა და მათ შორის, საბრძოლო ამოცანების შესრულებისა. აქედან გამომდინარე, არის სრული თავსებადობა. ასე რომ, ბურთი უკვე დიდი ხანია ნატო-ს მხარეს არის და ჩვენ მოველით, რომ რეალური მიზნები და გეგმები წარმოდგენილი იქნება ისევე, როგორც ეს ხდება მაგალითად, ევროკავშირში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.