გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინაზე ერთმანეთზე მიბმული არ არის, NATO-ში ცალ-ცალკე მიიღება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოსთვის ვაშინგტონის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
სტოლტენბერგი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინაზე გადაწყვეტილება ცალ-ცალკე მიიღება.
არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ნატოსგან, რომ ნატოს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
ორ ქვეყანას შორის განსხვავებაზე საუბრის შემდეგ, ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ჰკითხა, "რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე".
განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს და ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად," - თქვა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ასევე ჰკითხა, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს რაიმე მოლოდინი ვაშინგტონის სამიტისგან.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა ნატოს წევრი თუ შედარებით შორეულში", - თქვა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე და პუტინის მხრიდან დასავლეთის გაფრთხილებაზე მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ.
მაგრამ ნატო სწორედაც რომ თავდაცვითი ალიანსია - რომელსაც ერთი მილიარდი მოსახლეობის დაცვა ევალება. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი, და ჩვენი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა ნატოს. ნატო არასოდეს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრებას, ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. ასე რომ, ეს არაა „ნატოს აგრესიული ექსპანსია აღმოსავლეთით“ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ბევრი და დიდხანს იშრომეს, რომ ალიანსს შეერთებოდნენ. და ჩვენ ვთქვით: თუ ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებთ, თუ დემოკრატიული საზოგადოება ხართ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ნატოს წევრობა არ გსურთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. და, რაღა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენ სურვილსაც, გახდეთ ალიანსის წევრი. ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება," - თქვა სტოლტენბერგმა.