როცა ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან, მთავარი სასაუბრო თემა არის, როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან - სიბაშვილი
„დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან, მთავარი სასაუბრო თემა არის მხოლოდ ერთი რამ - როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როგორ მოიპოვონ პოლონეთში მართვის მოწმობა, როგორ მოძებნონ სამუშაო ადგილი საფრანგეთში, აიღონ მუშაობის უფლება და ა.შ.“ - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა გააკეთა.
სიბაშვილმა მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკოს, რომ უზრუნველყონ ემიგრანტებისთვის არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება.
მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რატომ გარბიან საქართველოდან საქართველოს მოქალაქეები. მინდა მოვიყვანო ერთი ისტორია ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში, სადაც მე ხშირად მიწევს პროდუქტის შეძენა, მუშაობს ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი თაზო, რომელიც ოთხი დღის წინ გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ეს არის მისი ბოლო სამუშაო დღე, ისიც მიდის ემიგრაციაში უკეთესი სამსახურის საძებნელად, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მას უწევდა მთელი თვე 500 ლარზე მუშაობა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან, ეს დღესასწაულები იქნება თუ დაბადების დღეები, მთავარი განსახილველი თემა არის როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როგორ მოიპოვონ პოლონეთში მართვის მოწმობა, როგორ მოძებნონ სამუშაო ადგილი საფრანგეთში და აიღონ მუშაობის უფლება და ა.შ. მე მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოს და მინდა ვთხოვო და მოვითხოვო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ პერიფერიულ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან, გაიხსნას საარჩევნო უბნები, რათა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ იმის იმედი აქვს, რომ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ადამიანებს საქართველოში ელოდებიან მშობლები, ჰყავთ ოჯახის წევრები და ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან ივანიშვილის პარტიაზე და დარწმუნებული ვარ დიდ სიურპრიზს ამზადებენ 26 ოქტომბრისთვის.
ბოლოს რატი იონათამიშვილს მინდა გამოეხმაურო, მან კეზერაშვილი ახსენა და მინდა, რომ მას შევახსენო, რომ კეზერაშვილი გასამართლებულია იმ სასამართლოს მიერ, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. 12 წელიწადია კეზერაშვილის მინისტრობის დროს აშენებულ ყაზარმებს არემონტებთ და არაფერი არ მიგიმატებიათ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ცალკე საკითხია ის 12 მილიარდი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს თავდაცვის ბიუჯეტში ჩაირიცხა და დაიხარჯა.“ - განაცხადა სულხან სიბაშვილმა.