თქვენს მოხსენებაში არსად ჩანს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს - ჩხეიძე გომელაურს

20.03.24 14:14
თქვენს მოხსენებაში არსად ჩანს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს - ჩხეიძე გომელაურს

"თქვენს მოხსენებაში არსად ჩანს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს", - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე სესიაზე.

პარლამენტარმა საქართველოში არსებული სიტუაცია, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებული რისკები განიხილა და ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, თუ რატომ არ ახორციელებს სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების დონეს გაზრდის.

მოხსენების 22 გვერდის წაკითხვის დროს და ტრიბუნიდან თქვენი მოხსენებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოქალაქეების პირადი უსაფრთხოების დაცულობის შეგრძნება მაღალია, თუმცა არის სხვა რეიტინგები, სადაც უსაფრთხოების მხრივ 48-ე ადგილზე ვართ. ისეთი ქვეყნებიც კი გვისწრებენ, როგორიც არის მონღოლეთი, ყირგიზეთი, ეთიოპია. სინამდვილეში თქვენს მოხსენებაში არსად არ ჩანს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და იქ მოსახლეობას საერთოდ არ აქვს დაცულობის შეგრძნება...

კითხვა ასეთია, რატომ არ ხორციელდება არანაირი პრევენციული ღონისძიებები და რატომ არ მიმდინარეობს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან. რატომ არ არის საგუშაგოები თავად სოფლებში და არა სოფლის გარეთ და რატომ არ ამონტაჟებთ კამერებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, რომ მოსახლეობამ თავი უფრო დაცულად იგრძნოს", - ამბობს ჩხეიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 12-საათზე მივიდა. მინისტრმა სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები