კატარიდან შემოსული $22 მლნ-ის საფრენი აპარატები სახელმწიფომ იყიდა? - რას ამბობს გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ. სავარაუდოდ, მოხდა კერძო შესყიდვა.
„ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდოდ, კერძო იყო, რაც მოვიკითხე… შსს და სახელმწიფო სტრუქტურებს ნამდვილად არ შეგვიძენია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამის შესახებ გომელაურს კითხვა პარლამენტში მოსმენისას კითხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ დაუსვა.
„ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ, რომ სულ ახლახან ჩამოსულა ერთი ვერტმფრენი, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის, ეს რამდენიმე წლით ადრე, რომ მომხდარიყო რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, თქვენ ეს აპარატი შეიძინეთ ფრანგული ფირმისაგან, რომელმაც გერმანიაში აწარმოვა. ახლახან ასევე ინფორმაცია გავრცელდა სტატისტიკის სამსახურიდან, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში 470%-ით გაიზარდა საფრენი აპარატის იმპორტი და 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი შემოვიდა კატარიდან. რა არის ეს კატარიდან შემოსული, ვინაიდან ის აპარატი გერმანიიდან იქნა შემოყვანილი? ეს საქართველოში დარჩა, რეექსპორტზე გავიდა, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ანუ კატარიდან 22 მილიონ დოლარად რა იყიდა ქვეყანამ? ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს რეექსპორტზე გასული არ არის აი, ამ ბოლო სტატისტიკური მონაცემებით“, – ჰკითხა გოცირიძემ გომელაურს.