გომელაურმა გინტურს "გარდაცვლილი" უწოდა
ვახტანგ გომელაურმა სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს "გარდაცვლილი" უწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქის "გარდაცვალების" შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფომ "რაღაცები გააძლიერა", თუმცა პირველმა პოლიციელმა არ დააკონკრეტა თუ რა გააძლიერეს.
შს მინისტრის განცხადებითვე, რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი გამოიყოს, საოკუპაციო ხაზის 100%-ით გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია.
გომელაური ამტკიცებს, რომ "ბოლომდე საზღვარს აშშ ვერ იცავს"
მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზია, არის დაახლოებით 400კმ-იანი საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით, 100%-ით მისი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია რაც არ უნდა ბიუჯეტი მოგვცენ, 100 000 თუ გავხდებით შსს-ში მაშინ კი ბატონო. ჩვენ კი არა აშშ ვერ იცავს ბოლომდე საზღვარს - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 100% -იანი დაკეტვა მე გონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია.
მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ 100%-იანი დახურული აქვს საზღვრები, მითუმეტეს საოკუპაციო ხაზი, სადაც მოქალაქეები ზოგი გადადის იქით, ნათესავი ჰყავთ, ზოგი სასაფლაოზე გადადის და სამწუხაროდ არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით.
10 წელია, ხელმძღვანელი პირი ვარ, 2 წელი მოადგილე ვიყავი, ვკურირებდი მაგ მიმართულებას, ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც თუმცა ამის გამოსავალს, ეს გააკეთეთ და გადახურული იქნება 100%-ით, ვერავინ ვერ გვეუბნება.
მესმის, რომ უფრო მეტი შეიძლება შევძლოთ, რაღაცა გავაკეთოთ, თუმცა იმ გარდაცვალების (თამაზ გინტური) შემდეგ, კიდევ დავამატეთ რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო, ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენს ოკუპანტებს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ" - ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს რომ "გარდაცვლილი" უწოდა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.
ოჯახი მკვლელების გადმოცემას და დასჯას ამ დრომდე ითხოვს.