რამდენ შემთხვევაში გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური ქალების დასაცავად
რამდენ შემთხვევაში გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური ქალების დასაცავად - შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ელექტრონული სამაჯური 120 შემთხვევაში გამოიყენეს და პრევენციისთვის მისი გამოყენების შემთხვევების მაქსიმალურად გაზარდას გეგმავს.
ბოლო წლებში მოიმატა [ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შემთხვევებმა]. რომ იყო 10 და 15 შემთხვევები, 120-ზე ავედით ამ ელექტრონულ სამაჯურზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მეტად ავუხსნათ და მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა აღარ მოხდეს ოჯახში ძალადობა და ა.შ.
ელექტრონული სამაჯურების გამოყენებაზე კითხვა გომელაურს „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა დაუსვა.
ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე შს მინისტრს კითხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემაც დაუსვა.
ხატია დეკანოიძემ ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, როგორია ძალისხმევა და რესურსები ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციის კუთხით და ასევე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მიმართ პრევენციისთვის რა ახალი მიმართულებები დაგეგმა სამინისტრომ.
„ნამდვილად ბევრს ვაკეთებთ და მზად ვართ, თუ რამე შეგვიძლია, ახალი დავნერგოთ [ფემიციდის წინააღმდეგ], ვმუშაობთ როგორც არასამთავრობოებთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან. სკოლებში ტარდება პოლიციის შეხვედრები არასრულწლოვანების მიმართ [ძალადობაზე]… სამწუხაროდ, [ფემიციდის] შემთხვევა 5 ფაქტით არის მომატებული 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით. 1 ფაქტიც რომ იყოს, ძალიან ცუდია და, ალბათ, ერთობლივად ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვიმუშაოთ, თუ რამე იდეები გაქვთ…
სამწუხაროდ, რეგიონებში უფრო ხშირად ხდება ხოლმე. ქვემო ქართლი ერთ-ერთი მოწინავეა ფემიციდის კუთხით და აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ხატია დეკანოიძის პასუხად.
ელექტრონული სამაჯური მოძალადეზე ზედამხედველობის სისტემაა, რომელიც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში დანერგა.