თალაკვაძე ოპოზიციას: წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას, შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობა გააკრიტიკოთ?

20.03.24 19:19
თალაკვაძე ოპოზიციას: წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას, შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობა გააკრიტიკოთ?

"რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის?", - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში არსებულ მიგრაციის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობდნენ.

თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე სხდომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ შტატებს წელიწადის განმავლობაში, დაახლოებით, 9.4 მილიონი მოქალაქე ტოვებს, ამიტომ მისი თქმით, მიგრაცია არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალური პრობლემაა.

მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოდან წასული მოქალაქეების რეკორდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ეკუთვნის. უარყოფითი სალდოც ანუ განსხვავება ემიგრაციაში წასულთა და დაბრუნებულებს შორის მათი რეკორდია. მხოლოდ სტრასბურგსა და ევროსასამართლოში სამართლის საძებნად წასული მოქალაქეების რაოდენობაც გეყოფათ იმისთვის, რომ მიგრაციაზე ხმა არ ამოიღოთ. ყოველ წელს უამრავი ადამიანი მიდიოდა, თქვენგან დაჩაგრული, საფრანგეთში სამართლის საძებნელად, შრომით და ეკონომიკურ მიგრაციას თავი რომ დავანებოთ. ვინ ამბობს, რომ მიგრაცია პრობლემა არ არის? ეს საერთაშორისო პრობლემაა და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდანაც კი მიდიან ადამიანები.

ოპოზიციას მივმართავ - რომელი ქვეყანაა, რომელიც მოგწონთ და იქ მიგრაცია არ არის? ევროკავშირის მიგრაცია გაინტერესებთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების? წელიწადში, დაახლოებით, 9,4 მილიონი მოქალაქე ტოვებს ამერიკას და ემიგრაციაში მიდის და ამისთვის შეგიძლიათ ამერიკის მთავრობა გააკრიტიკოთ? წელიწადში, 1 100 000 ადამიანი ტოვებს ევროკავშირს და არაევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიდის. მარტო ევროკავშირის შიგნით წელიწადში მილიონ-ნახევარია მიგრაცია. თქვენ გაკოტრებული დღის წესრიგი გაქვთ, არ იცით რაზე ილაპარაკოთ.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი პრობლემა რჩება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და გვყავს გუნდი, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში უწყების წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები