მინისტრის მძიმე ოთხშაბათი - გომელაურის ანგარიში უმრავლესობის მადლობების და ოპოზიციის მწვავე კითხვების ფონზე
შს მინისტრის ანგარიში უმრავლესობის მადლობების და ოპოზიციის მწვავე კითხვების ფონზე - თითქმის 7 საათიანი მოსმენა ისე დასრულდა, რომ მმართველ გუნდს ვახტანგ გომელაურისთვის ერთი კითხვაც არ დაუსვამს. სამაგიეროდ კითხვებით მომზადებული დახვდა მინისტრს ოპოზიცია. მასშტაბური მიგრაცია ქვეყნიდან, გაზრდილი ნარკოდანაშაული, ძალადობა, არასრულწლოვანთა კრიმინალი - დღეს პარლამენტში საკუთარი უწყების ქებისთვის მისულ გომელაურს ბევრი კრიტიკის მოსმენაც მოუწია. სწორედ ამ დროს ერთვებოდა საქმეში უმრავლესობა.
მინისტრს გადაფარებული მმართველი გუნდი ოპოზიციის კითხვებს აკრიტიკებდა, კითხვის ავტორებს თავს ესხმოდა და ლანძღავდა. დაპირისპირებამ კი პიკს რომან გოცირიძის კითხვის შემდეგ მიაღწია, როდესაც დეპუტატმა ყატარიდან საფრენი აპარატების 22 მილიონიან შესყიდვაზე ინფორმაცია მოითხოვა. ვის ჭირდება ამ ღირებულების საჰაერო ტექნიკა და ხომ ემსახურება ეს შესყიდვა რუსეთის ინტერესებს. სწორედ ამ დროს დაკარგა წონასწორობა "ოცნებამ" და მასირებულ შეტევაზე გადავიდა. ოპონენტს კი მატყუარა, მოღალატე და აგენტი ეძახეს.