გამოძიება აითაჯის მამითაც შეიძლება დაინტერესდეს - რა გამოიკვეთა სასამართლო პროცესზე
აითაჯის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის - მოსამართლემ ორი პროცესის შემდეგ უნდა თქვა, გაუშვებს თუ არა 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას მრავალწლიან პატიმრობაში. ბრალდებულების უფლებადამცველებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
ადვოკატები ამბობენ, რომ არც ერთ მოწმეს, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი მოზარდის ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ. ჯამში, საუბარია ასამდე მოწმეზე, მათ რიცხვს დღეს ოთხი შეემატა, რომელთაც წესით ჩვენება დაკავებულების წინააღმდეგ უნდა მიეცათ, თუმცა საპირისპირო მოხდა.
არცერთი მოწმე მის ბრალეულობაზე არ საუბრობს, პირიქით, ყველა ამბობს, რომ ეგანა უდანაშაულოა და ყველა ჩვენება, რაც აქამდე იყო და დღესაც, ქალბატონი ეგანას უდანაშაულობაზე მიგვანიშნებს. არც ის დამტკიცდა, რომ ეგანა მაგარამოვა არ იყო შეშინებული, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლში რომ ადამიანი გამტყუნდეს, აუცილებელია, რომ არ იყოს შეშინებული,“ - ამბობს ადვოკატი.
ამ ფონზე "პირველებმა" გაარკვია, რომ გამოძიება აითაჯის მამითაც არის დაინტერესებული, რომელმაც სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ შვილის ნიშნობას თავადაც ესწრებოდა.
ნიშნობის ამსახველი ვიდეო არსებობს, ჩანს, რომ ნიშნობა ნამდვილად ჩატარდა, ბეჭედი ჰქონდა გაკეთებული - ამ ვიდეოზე ასახული არიან აითაჯი და ასევე, მისი მომავალი საქმრო და მათ შორის არსებული არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულება. ვიდეომასალაში მამა არ ჩანს, დედა ჩანს, (მამის) მისი განმარტებით იმ დღეს იმ სახლში იმყოფებოდა. მისი ჩვენება შესაფასებელია და მისი ჩვენება ფასდება იმ საქმეში, რომელიც გამოყოფილია ამ სისხლის სამართლის საქმიდან. გამოიკითხება აუცილებლად. (ჟურნალისტი: შესაძლოა დააკავოს გამოძიებამ?) ამას ახლა ვერ გეტყვით,“ - ამბობს პროკურორი.
ტელევიზორით მოვისმინე, რომ ჩემი შვილიშვილი მოკლეს, მისი გათხოვების ამბავიც მკვლელობის შემდეგ გავიგე. 8 წლიდან ჩვენთან იზრდებოდა აითაჯი, მერე ჩემი შვილი და რძალი გაშორდნენ და დედამისთან ცხოვრობდა, ჩვენთან ასეთი წესია - ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, ის მშობელი იღებს პასუხისმგებლობას. მასზე სრული უფლება ჰქონდა დედას, რაც შეეხება ჩემს შვილს - არ ვიცი, მამამ იცოდა თუ არა, რომ მისი შვილი იძულებით დანიშნეს,“ - თქვა ბებიამ დღეს სასამართლოს წინაშე.