დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ - ვისზე გადააქვს პასუხისმგებლობა დარჩიაშვილს

22.03.24 13:51
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ - ვისზე გადააქვს პასუხისმგებლობა დარჩიაშვილს

დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ - საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია.

დარჩიაშვილის თქმით, მათი მოვალეობაა მაქსიმალურად შეძლონ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება დაინახონ და ამ პროცესში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდებს.

„ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც დროებით საზღვარგარეთ იმყოფება, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე და ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. გარდა იმ ჰიპოთეტური მოწოდებისა თქვენი მხრიდან, რომ რაღაც პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც დღეში სამ ახალ საკონსულოს გახსნის სხვადასხვა ქვეყნებში, მოგიწოდებდით, რომ ასევე თქვენც ჩვენთან ერთად მოუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რათა შევძლოთ ამ მოქალაქეების რეგისტრაცია. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ დავანახოთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება. მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ.

ჩვენ საკონსულო დაწესებულებებს უწევს ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს.

მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა სამწუხაროდ კვლავ დაბალია"“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს.

„საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციონალურ დატვირთვას და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. აღსანიშნავია, ასევე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა მაშინაც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული. აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია "საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესის და ტიპობრივი დებულებით“. შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა. როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ წერილში დასმულ საკითხს, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს შესახებ, გაცნობებთ, რომ ქ. ბარიში საკონსულო დაწესებულების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2019 წელს (მაშინ, როდესაც დასრულებული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლი), შესაბამისმა პროცედურებმა მოიცვა 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს. 


 

მსგავსი სიახლეები