პრეზიდენტ სააკაშვილის უკან დგას მისი მხარდამჭერების არმია, რომლებიც არ შეეგუებიან მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას - სოფო ჯაფარიძე

25.03.24 13:51
პრეზიდენტ სააკაშვილის უკან დგას მისი მხარდამჭერების არმია, რომლებიც არ შეეგუებიან მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას - სოფო ჯაფარიძე

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა თითქმის მთელი საქართველო" - მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

 ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "პრეზიდენტ სააკაშვილის უკან დგას მისი მხარდამჭერების არმია, რომლებიც არ შეეგუებიან მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას".

" მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი.“ - თქვა სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში. 

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე თავისი მნიშვნელობით აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. დღეს დასრულდა კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და მართლაც უპრეცედენტო ერთობა და უპრეცედენტო აქტივობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა თითქმის მთელი საქართველო. ასი ათასობით ხელმოწერა შეგროვდა და ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან დგას მისი მხარდამჭერების უდიდესი არმია, რომლებიც არ შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ტყვეობაში ყოფნა. ჩვენ ვიცით და ყველა ვთანხმდებით, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. მან ყველაზე კარგად იცის როგორ უნდა დაასრულოს ქვეყანაში უპერსპექტივობა, უიმედობა, სიღარიბე, სიღატაკე, მასობრივი ემიგრაცია, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უპირობოდ თავისუფალი. რაც შეიძლება სწრაფად სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს რას ირჩევს ის - ევროპული დემოკრატიის გზას თუ რუსულ გზას. დიახ, მასზე არის დამოკიდებული დამახინჯდება თუ არა ჩვენი ქვეყნის ისტორია. ის ვალდებულია გაითვალისწინოს იმ ქვეყნის ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტიც თავად არის. ამ დღეების განმავლობაში თქვენ ხედავდით უპრეცედენტო აქტივობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები ქარში, წვიმაში, სიცივეში იდგნენ რიგებში, რომ მოსულიყვნენ და ხელი მოეწერათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს და განსაკუთრებით  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ასე აქტიურობდნენ. მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, რადგან მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაც.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ 
 

მსგავსი სიახლეები