საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის ხელმოწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია

25.03.24 17:25
საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის ხელმოწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ათი ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

მეხუთე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების თხოვნით ორასი ათასი ადამიანი მიმართავს. ზურაბიშვილს მოუწოდებენ, დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა და გაათავისუფლოს ივანიშვილის პირადი მძევალი.

მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უამრავი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც ხელმოწერის დასაფიქსირებლად წვიმაში და ქარში რიგებში იდგნენ. ოპოზიციის წევრმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშNა, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".

მართლაც საოცარი დღე გამოვიდა, ვხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. ორასი ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და მართლაც გასაოცარია, რადგან კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა. ახლა მივიტანთ სალომე ზურაბიშვილთან ამ ხელმოწერებს და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ენმ-ს წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. 

პუტინის პატიმარია სააკაშვილი. საქართველოს მხსნელი ის არის, თორემ ჭაობში იძირება საქართველო. ამათ ევროპა არ უნდათ,  ამათ უნდათ რუსეთი, პუტინის გვერდზე უნდა იყვნენ ესენი, - ამბობს მოქალაქე.

შეკრებილ ადამიანებთან ჯერ-ჯერობით საქართველოს პრეზიდენტი არ გამოჩენილა. 

მსგავსი სიახლეები