დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად - რა კითხვები აქვს ოპოზიციას და როგორ პასუხობენ "ოცნებაში"

25.03.24 17:15
დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად - რა კითხვები აქვს ოპოზიციას და როგორ პასუხობენ "ოცნებაში"

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე განხილვის საკითხი გახდა.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ დააყენა დღის წესრიგში თვითმმართველობის არჩევნებისთვის 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმების საჭიროება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა მმართველი პარტიის წევრებს მიმართა კითხვით, თუ დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს, რა მიზანს ემსახურება ბარიერის გაუქმება. 

გარდა ამისა, ლილუაშვილისთვის გაუგებარია საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიებში ე.წ. დელეგატების გამოჩენაც. 

ცოტა გასაკვირი და უცნაურია, თუ ქართული ოცნება ამბობს, რომ 60-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და ყოველდღე იმეორებს ამას, 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება. ახლა რატომ გახდა ამ ინიციატივის დაყენება, რომ გაუქმდეს 40-პროცენტიანი ბარიერი.
საპარლამენტო პარტიულ სიაში ე.წ. ახალი ცნების - ამომრჩევლის დელეგატის განსაზღვრა - რამე უპირატესობა ექნება ამ წარმომადგენლის პარლამენტის სიაში,“ - ამბობს ლილუაშვილი.

ლილუაშვილის კითხვები „ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძისთვის სპეკულაციურია. ამტკიცებს, რომ მაჟორიტარების დანაკლისის შევსებას „ოცნება“ დელეგატების ცნების შემოღებით არ ცდილობს. 

წარმოდგენილი კითხვები სპეკულაციური ხასიათისაა. მაჟორიტარულ სისტემას არავინ არ აბრუნებს, ეს არის კვლავაც პროპორციული სისტემა, რომელიც კანონმდებლობაში არის საკმაოდ მტკიცედ გაწერილი. რაც შეეხება დელეგატების თემას, ჩვენს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჰქონდა ყოველთვის კონკრეტული პრაქტიკა იმის, რომ ბმაში იყვნენ რომელიღაც დეპუტატთან. არჩევნებში მონაწილე სუბიექტმა განსაზღვროს კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობას ეცოდინება, რომ კონკრეტულ ოლქში ან მუნიციპალიტეტში ამ ადამიანთან ჰქონდეთ წვდომა.
რეიტინგის პრობლემა კი არა, პირდაპირ გეტყვით, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის სრულიად ლოგიკური და რეალური ამბიცია გვაქვს. ის საკითხი, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, აბსოლუტურად, არააქტუალურია,“ - უპასუხა მიქანაძემ.

რას ნიშნავს არააქტუალურია, თუ არააქტუალურია, დღეს ამ პარლამენტში, წელიწადნახევრით ადრე რატომ ხდება ამ საკითხის ინიცირება. როგორ შეიძლება ეს აჩვენებდეს მმართველი ხელისუფლების პოზიციებს ძლიერს, როდესაც შემცირებაზეა სტანდარტის საუბარი,“ - ამბობს ლილუაშვილი.

ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია „ოცნებისთვის“ და მათ მსჯელობას „არალოგიკურს“ უწოდებენ.

მაჟორიტარული სისტემა საერთოდ გავაუქმეთ და მაგაზე არ გქონიათ პრეტენზიები, პირიქით, და ახლა ამბობს, რომ მაჟორიტარს, ისიც საკრებულოში, თუ 40 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერით არ აირჩევს საზოგადოება, იმას ლეგიტიმაცია დააკლდება და მუშობას ვერ შეძლებს? ეს ხომ არალოგიკურია,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები