დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ - ზაზა გოგავა
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ დღეს თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიუხედავად ამ გაუსაძლისი პირობებისა, იმ პრობლემებისა, რაც საქართველოს მოქალაქეს გააჩნია, დგახართ აქ, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით. დგახართ იმ იმედის გვერდით, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოახერხა და თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი შრომით, ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოეყვანა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ემიგრაციაში წასულ ქართველს, რომელმაც ელექტრონულად მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი ვინც თქვენი ხმა ვერ მოისმინა, ივანიშვილის ხელისუფლება და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა. ეს ხმა მოისმინა დასავლურმა ცივილიზაციამ, არ დარჩენილა პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა საქართველოსი, რომელიც არ ითხოვს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკანონო პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, რომელიც ციხეში შეთითხნილი ბრალდებით ზის“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.