საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - კობახიძე
ირაკლი კობახიძესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა - მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი გეგმები განიხილეს.
საქართველოს პრემიერმა ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ღირსეული დახვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, პირველ ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ; ის ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ.
დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომლებიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით.
საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენ მიმართ გულთბილი დახვედრისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში. ამაზე გვქონდა საუბარი შეხვედრის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას.
ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია", - თქვა კობახიძემ.