დელიმიტაციის პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - რაზე ისაუბრა ფაშინიანმა კობახიძესთან გამართულ ბრიფინგზე

25.03.24 19:03
დელიმიტაციის პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - რაზე ისაუბრა ფაშინიანმა კობახიძესთან გამართულ ბრიფინგზე

ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხარია, რომ პირველად მივესალმები სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთხელ მინდა პირადად მივულოცო ბატონ ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.

6 იანვრის შემდეგ, როდესაც მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სხდომა გაიმართა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც გულისხმობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ახლა მაქვს საშუალება განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის მოქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, სომხეთსა და საქართველოს შორის, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა წარმოებდეს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის არის, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, ეს არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დამყარებული თანამშრომლობა.

გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დიდად მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.

დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზად არის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე 3 პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და ეს არის ალმატის 1991 წლის დეკლარაციის პრინციპებიდან გამომდინარე, - ეს არის ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება, დელიმიტაციის პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით კი არ არის მხოლოდ დაინტერესებული, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით, სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიკურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ერევანში, მადლობას მოგახსენებთ ვიზიტისთვის და ამ პროდუქტიული საუბრებისთვის", - თქვა ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები