დელეგატები სახეცვლილი მაჟორიტარები არიან, რომლებიც ადგილობრივ ფეოდალებს წარმოადგენენ - ზურაბ ჯაფარიძე

26.03.24 11:39
დელეგატები სახეცვლილი მაჟორიტარები არიან, რომლებიც ადგილობრივ ფეოდალებს წარმოადგენენ - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "დელეგატები" სახეცვლილი მაჟორიტარები არიან, რომლებიც ადგილობრივ ფეოდალებს წარმოადგენენ და ეს ადამიანები "ოცნებას" რეგიონებში იმიტომ სჭირდება, რომ ისინი ხალხის აღქმაში ივანიშვილისგან ხელდასმულნი იყვნენ და მმართველ პარტიას არჩევნებისთვის ხალხის მობილიზებაში დაეხმარონ.

დელეგატები სხვა არაფერია, თუ არა სახეცვლილი მაჟორიტარები, რომლებიც სინამდვილეში ამ ქვეყანაში წარმოადგენდნენ ყოველთვის და მათ შორის, "ოცნების" პირობებში ჩვეულებრივ ადგილობრივ ფეოდალებს. მათ ხელში გადის მთელი ბიუჯეტის ფული, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გამო, ამ ხალხმა ეს წონა დაკარგა. ამიტომ, ადგილზე, რეგიონებში, მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც იქ ჩავლენ და ხალხის აღქმაში იქნებიან ივანიშვილისგან ხელდასმულნი, ანუ, ვიღაცა რომ ჩავა და იტყვის, რომ მე ვარ დელეგატი, ეს ნიშნავს, რომ ბიძინამ თქვა, რომ ეს კაცი არის აქ უფროსი, ამას დაუჯერეთ და ის განკარგავს აქ ყველაფერს. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნებისთვის ხმები დაამობილიზონ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"ქართული ოცნება" მაჟორიტარებს ვერ ელევა და  მათ შეყვანას პარლამენტში კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს.  2024-ის არჩევნების  პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის მთავარი კანონით არის გარანტირებული, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით  ივანშვილის პარტიამ  ყველაფერი  გადაალაგა -  მაჟორიტარებს სახელს შეუცვლიან, დელეგატებს დაარქმევენ და ასე ჩაწერენ სიაში.   

იმის შიშით, რომ შესაძლოა მმართველი პარტიის კანდიდატებმა საკრებულებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, ამ შეზღუდვას საერთოდ აუქმებენ.  გამოსავალი აქაც მარტივად  მოძებნეს. საკრებულოს დეპუტატად ჩაითვლება ის ,ვინც არჩევნებში სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს.

მსგავსი სიახლეები