"მთელი ჩემი ცხოვრება მაჟორიტარი ვიყავი" - რიმა ბერაძე
"მთელი ჩემი ცხოვრება მაჟორიტარი ვიყავი" - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერაძემ "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბერაძის თქმით, საბოლოო პასუხი ამ ინიციტივასთან დაკავშირებით განხილვის შემდეგ მიიღება.
"მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი მაჟორიტარი და მომწონს მაჟორიტარობა. იმიტომ, რომ ძალიან ახლოს ხარ ხალხთან და ხალხთან სიახლოვე ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ, რომ ჩვენ ვემსახურებით ხალხს. რაც შეეხება ამ თემას, ეს საკითხი არის ამჟამად განხილვაში, განიხილება და საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, მე გუნდის წარმომადგენელი ვარ, გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით და დაგიბრუნდებით." - განაცხადა რიმა ბერაძემ.
"ქართული ოცნება" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, ცნობილია რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ქვეყანას მაჟორიტარები აღარ ეყოლება, "ოცნებას" კანონში მაჟორიტარის ნაცვლად შემოაქვს მცნება "დელეგატი".