პაპუაშვილი: გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი
"დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრობა შესთავაზა ისევ იმ პირებს, ვინც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყვნენ.
დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი.
მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.
საკონკურსო პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. ახალი კანონის თანახმად, პრეზიდენტის როლი იზღუდება, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.