საქართველოს EU-ში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია - რა წერია დოკუმენტში, უცნობია

26.03.24 20:12
საქართველოს EU-ში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია - რა წერია დოკუმენტში, უცნობია

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თუმცა, ამ დროისთვის სამოქმედო გეგმა არც მთავრობის ადმინისტრაციის და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე არ არის გამოქვეყნებული.

როგორც ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

"სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს," - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტიანი ღონისძიებები," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები