სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია - თამარ კორძაიას საგანგებო განცხადება

27.03.24 12:40
სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია - თამარ კორძაიას საგანგებო განცხადება

"ის ფაქტი, რომ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება არ გვეძლევა და საჩივარზე სხდომა თვეების განმავლობაში არ ინიშნება, აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტარმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო სრულად არიან ჩართულნი იმ პროცესში, რომ პარლამენტარებმა პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის ნახვა ვერ შეძლონ. 

მინდა ყურადღება გავამახვილო იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რაც ტრიალებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ერთ წელიწადზე მეტია, პარლამენტის თავმჯდომარემ აკრძალა პარლამენტის წევრების შესვლა მიხეილ სააკაშვილთან მისი მონახულების მიზნით. 2023 წლის 14 აპრილს მე სარჩელი შემიტანე, რადგან ვთვლი, რომ ვალდებული ვარ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დავიცვა კანონით განსაზღვრული ყველა საშუალებით. მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. 7 თვეში უკვე საქართველოს პარლამენტი არ იქნება და შესაძლოა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არც გვქონდეს, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფიქციაა კანონში, რომელშიც წერია, რომ შეგვიძლია ვინახულოთ ნებისმიერი პატიმარი.

პროცესი კი ასე მიმდინარეობდა: როდესაც შალვა პაპუაშვილმა აკრძალა მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, დავიწყეთ გარკვევა. აღმოჩნდა, რომ სუს-ის უფროსმა, ბატონმა ლილუაშვილმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს, რომელმაც ზეპირად მიმართა პაპუაშვილს და მან ზეპირად აკრძალა შესვლა. როდესაც დავა დავიწყეთ, შემდეგ გაფორმდა წერილობითი დოკუმენტები. სასამართლო, რომელიც დღეს ატარებს მოსამართლეთა კონფერენციას იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია, ერთ წელზე მეტია სხდომას არ ატარებს. მე მგონია, რომ ეს ჯაჭვი ნათლად აჩვენებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, რადგან ყველა ორგანო - უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოვახერხო, ვერ შევიდე და ვერ მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. ამის უფლება ჩვენ გვაქვს კონსტიტუციურად, კანონმდებლობით და სრულიად დაუსაბუთებლად სისტემური უწესრიგობით, გააზრებული, დაგეგმილი უკანონობით ხდება ამ უფლებების შეზღუდვა”, - აღნიშნა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები