ევროკავშირმა ნდობა გაგვიცრუა... - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის იერიში ევროპელ პარტნიორებზე - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს იმედის და ნდობის გაცრუებაში ადანაშაულებს და არგუმენტად მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლის ეპიზოდი მოჰყავს.
პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ე.წ. უცხოელი ექსპერტების ხელით უნდათ ახლაც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაც, რაც მისი თქმით დაუშვებელია.
უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.
ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი სასამართლო რეფორმის აუცილებობაზე საუბრობს. დიპლომატი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიის ფუნდამენტია და ამიტომ გაფართოების სიაში მხყოფი ყველა ქვეყნისთვის, ეს პირობა აუცილებლად შესასრულებელია.
ჰერჩინსკი ასევე ყურადღებას ვეტინგის სისტემის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს პროცესი უცხოური ექსპერტების ჩართულობით უნდა წარიმართოს.