სკანდალი უნგრეთში - ორბანის მთავრობას "კლანურ-ოლიგარქიულ" მმართველობაში ამხელენ

28.03.24 17:11
სკანდალი უნგრეთში - ორბანის მთავრობას "კლანურ-ოლიგარქიულ" მმართველობაში ამხელენ

ვიქტორ ორბანის მთავრობა მასშტაბურ სკანდალში ეხვევა - უნგრეთის ხელისუფლებას "კლანურ-ოლიგარქიულ" მმართველობაში ადანაშაულებენ.

მხილების ავტორი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი ქმარია. ის ასაჯაროებს აუდიო ჩანაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ პუტინის მოკავშირე ორბანის კანცელარიის უფროსი ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე (ე.წ. ვიოლნერ-შადლის კორუფციული საქმე) მტკიცებულებებს პროკურორებს თავად ურჩევდა - ანუ ის წყვეტდა, რა დარჩებოდა ან რა ამოვარდებოდა საქმიდან. შესაბამისად, მხილების ავტორი ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილებებს მთავრობაში იღებდნენ, რაც სასამართლო სისტემაში პირდაპირ ჩარევის ნიმუშია.

მოდი ვთქვათ, რომ ვეღარაფერი გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. უნდა ვუთხრათ მმართველ პარტიას და მთავრობას, რომ მათ ჩახედონ თვალებში ადამიანებს და აიღონ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ შეცდომებზე  და მით უფრო იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს,“ - ამბობს მაგიარი.

მაგიარმა, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც იყო ვიქტორ ორბანის ახლო პოლიტიკური გარემოცვის წევრი, უნგრეთის პროკურატურას უკვე გადასცა ორწუთიანი საუბრის ჩანაწერი ყოფილ ცოლთან, იუდით ვარგასთან, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს აფარებენ ელიტურ კორუფციას. ვარგამ ჩანაწერის ნამდვილობა აღიარა, თუმცა განმარტა, რომ საუბრის დროს დაშინებული იყო.

რამდენიმე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს - ოპოზიცია ორბანისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს.

ბრალდებებს პასუხობენ პრემიერის ადმინისტრაციაში. ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც "არაფრის გამო აურზაურს" უწოდებს მაგიარის მხრიდან ხელისუფლების მხილებას. 

ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი შეიძლება შეჯამდეს, როგორც ბევრი აჟიოტაჟი არაფერზე. ეს არის ოჯახური დავა დაშინებულ მეუღლესთან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. პეტერ მაგიარი არის ახალი პეტერ მარკი-ზაი, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ პეტერ მაგიარი ცოლს არ ატერორებდა," - ამბობს ორბანის აპარატის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები