ტრაილერის მძღოლები აქციებს წყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ მხარეები
პროტესტის რეჟიმში გადასული ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ. სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოში გამართულმა შეხვედრამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო.
მძღოლებმა მიიღეს დაპირება, რომ ტვირთების გადასაზიდათ საჭირო ლიცენზიების გაცემა გამარტივდება, თუმცა როდიდან ან როგორ, ეს კითხვები შეხვედრის შემდეგაც პასუხგაუცემელი დარჩა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მომდევნო შეხვედრა 8 აპრილს შედგება და იმედოვნებენ, რომ ბუნდოვნად დარჩენილ საკითხებზე პასუხებს მიიღებენ.
ასევე, მიიღეს დაპირება, რომ გადამზიდავებისთვის წარმომადგენლობითი ასოციაციები დაფუძნდება და ამ გზით შედგება კომუნიკაცია მძღოლებთან.
შეთანხმება შედგა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობა შეგვითანხმდა, რომ მოხდეს უნდა გადამზიდავთა გაწევრიანება და ფორმირება ასოციაციებად და ეს წარმომადგენლობითი ასოციაციები მიიღებენ მონაწილეობას მომავალში სახმელეთო ტრანსპორტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში, პროცესებში, ინფორმირებულები იქნებიან და მიიღებენ მონაწილეობას. პრინციპში, ეს სწორედ ის იყო, რაც ჩვენი მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა, ამიტომ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, შევთანხმდით, შეკრებილი ადამიანები დაიშლებიან,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
სააგენტოს პასუხით მეტ-ნაკლებად ნაწილობრივ კმაყოფილი ვართ, რომ იქნება გამჭვირვალობა, რაშიც მონაწილეობას მივიღებთ, რაზეც იყო შეთანხმება. 8 რიცხვში არის კიდევ დაგეგმილი შეხვედრა და იქ უფრო ნათელს მოფენს ამ ყველაფერს, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და გვეცოდინება, თუ როგორ მიდის ეს ყველაფერი,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.