კლინიკებმა, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრთან COVID 19-თან დაკავშირებული ჯარიმების ამნისტირება მოითხოვონ
კლინიკების ახალი თხოვნა ჯანდაცვის მინისტრს - სამედიცინო დაწესებულებებმა შესაძლოა, COVID 19-თან დაკავშირებული ჯარიმების ამნისტირება დააყენონ დღის წესრიგში. ამ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
როგორც "ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BM.GE-სთან აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს პანდემიის პერიოდში მიღებულ მოგებას ედავება, რაც ნინა კობახიძის შეფასებით, არაადეკვატური დამოკიდებულებაა.
COVID-თან დაკავშირებით მიმდინარეობს კლინიკების შემოწმება. რა თქმა უნდა, არის რაღაც მექანიზმი, რომელიც ან სწორია ან არ არის სწორი და ამაზე შემდეგ ეტაპზე შეიძლება საერთოდ დავაყენოთ საკითხი, რომ იქნებ მოხდეს ამნისტირება ამ თანხების იმიტომ, რომ კოვიდი ისეთი პერიოდი იყო, რომ დერეფანში გვეწვა პაციენტები და ახლა შეიძლება შევამოწმოთ, მაგრამ ჯარიმების მოცულობა იყოს ადეკვატური.
აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ ლაბორატორიულ კვლევებში კონკრეტული ხარჯების ზემოთ თუ რაიმე მოგება დარჩა კლინიკას, არ უნდა დარჩენოდა, რაც არაადეკვატური დამოკიდებულებაა იმიტომ, რომ მაშინ თვითონ სწორად უნდა განესაზღვრათ, რა ფასს გადაიხდიდნენ ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაში“,- აცხადებს ნინა კობახიძე.
ეს თემა აქტუალური ჯერ კიდევ 2022 წელს გახდა. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო კოვიდკლინიკებს თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავება. საქმეების დიდი ნაწილი სასამართლოში გადაიგზავნა. ითქვა, რომ რიგი კლინიკები მილიონობით ლარით იქნა დაჯარიმებული.