"აზარაშვილი არაფერ შუაშია" - კობახიძე ყოფილ მინისტრს პასუხისმგებლობას არიდებს
"ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია" - პრემიერი ირაკლი კობახიძე სასწრაფოსა და "ევექსს" შორის შემდგარ შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
კობახიძე პასუხისმგებლობას ყოფილ მინისტრს სრულად არიდებს იმ ფონზე, როცა სწორედ აზარაშვილის მინისტრობის პერიოდში მომხდარი შესაძლო კორუფციის სკანდალური საქმე გახსნა დღეს სუს-მა. ირკვევა, რომ სასწრაფოები გარიგებულები იყვნენ კლინიკებთან, იღებდნენ ქრთამს, რომ "ევექსში" შეეყვანთ პაციენტები.
ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები მე პირადად გავაკვეთე, როდესაც საპარლამენტო გამოსვლა მქონდა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენი ამბიციური მიზანი ის არის, რომ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც, ყველა უწყება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის და ამოცანის შესაბამისად. სახელმწიფო უწყება ძალიან დიდი, მსხვილი სუბიექტია, სადაც ათი ათასობით ადამიანი მუშაობს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არის კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც მოწინავეები არიან კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, როგორებიც არიან მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად [ზედმეტია]. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული სუს-ის მხრიდან გაიხსნა და სადაც ეჭვი იყო დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ამის მიღმა დანარჩენი სპეკულაციაა
სკანდალი სასწრაფო დახმარების ცენტრში - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.