საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - პრეზიდენტის თქმით, საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე ელჩებთან საუბარი არ ყოფილა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი წინ უნდა წაიწიოს და მოინახოს გზები იმისთვის, რათა დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნას ჩვენი ემიგრანტებისთის.
პრეზიდენტს მაგალითად მოჰყავს მოლდოვას მაგალითი, რომელმაც 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის.
"მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ადამიანებმა მოითხოვონ და იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე ერთი მხრივ არსებობს კანონი და მეორე მხრივ გვეუბნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვები აცხადებენ, რომ არა და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენიც შესაძლებელი იქნება იმდენს გავხსნით - კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა, შეუძლებელია. ხან რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ "პადიეზდში" არ გავხსნითო, ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
კიდევ ერთ მიზეზს იყენებენ, რომ ეს მოითხოვს პროცედურებს უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია. იმისთვის, რომ საკონსულომ გახსნას სხვადასხვა ქალაქში მის დაქვემდებარებაში სივრცეები რომელიც გამოყენებული უბნის გახსნისთვის, მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა და გვექნება მომავალ კვირას შეხვედრები ელჩებთან, რომლებთანაც ეს შეიძლება მოგვარდეს, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ გაგვიადვილონ ეს საკითხი.
მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არაა, მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება, არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ სწორედ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები და ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ რომ ამის მაგალითი არსებობს - მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზიები გვაქვს და ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამის რესურსები არ გაგვაჩნია", - თქვა ზურაბიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ცესკოს თავმჯომარედ საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაიბარა.