„შოკში ხომ არ ხარ“ - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

29.03.24 16:05
„შოკში ხომ არ ხარ“ - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

„შოკში ხომ არ ხარ“, „დამასრულებინე“ - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - იოსებ სონღულაშვილისთვის მშენებლობაზე ექვსი მილიონის ფასდაკლება პოლიტიკოსებს შორის მწვავე განხილვის საკითხი გახდა.  

ურბანული კომისიის სხდომაზე მისული ოპოზიცია "ოცნებას" დოკუმენტების დამალვაში ადანაშაულებდა.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ძმის პროექტისთვის მწვანე შუქის ანთებას ხელისუფლება ხალხისგან ჩუმად აპირებდა ისე, რომ ვერავის გაეგო, რა თანხა დაუჯდა სონღულაშვილის მასშტაბურ მშენებლობაზე, სამშენებლო კოეფიციენტის მომატება.

პირველი ეტაპი უკვე გავლილია, წინ საკრებულოს სხდომაა, სადაც დიდი ალბათობით, სკანდალურ პროექტს შეღავათიან ფასებში მაინც დაამტკიცებენ.

დოკუმენტი მოიტანეთ ახლა, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი შევაფასო სრულფასოვნად, რისი საშუალებაც არ მომეცით და არ მომეცით იმიტომ, რომ ბევრი რამ წერია ამ გრგ-ში ისეთი, რომელიც ვფიქრობ, რომ აბსურდულია. 5 წუთში შენ თუ მეცადინეობ, არ ვიცი, არაფერი არ გეტყობა 5 წუთში რომ მეცადინეობ და 5 წუთში მე ვერ ვმეცადინეობ და მგონი, ვერც სენ,“ - ამბობს საბა ბუაძე.

თავად დათმო ეს ზონა თუ მერიამ აიძულა რომ დაეთმო, მაშინ რატომ თქვა უარი 2021-ში, რომ სსზ 2 ჩანაცვლებულიყო სსზ 6-ით და ახლა რატომ ითხოვს, ამაზე კომუნიკაცია გქონდათ? - მიმართა ანა გოგოლაძემ.

ამით გინდათ, რომ გაიტანოთ ის, რომ 9 მილიონის ნაცვლად, თქვენს შემომწირველს, პარტიის წევრს და მეგობარს კალაძის და ა.შ. გინდათ, რომ 9 მილიონის ნაცვლად სამი მილიონი გადაახდევინოთ, კეთილი ინებეთ, გადადეთ ეს საკითხი და სრულყოფილი დოკუმენტაცია, ფურცლები რაც აკლია იმით, გადმოგვიგზავნეთ და შემდგომ შევაფასოთ,“ - თქვა ლილე ლიპარტელიანმა.

ურბანული კომისიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ოცნების დეპუტატის ძმა პრივილეგირებულ მდგომარეობაში არავის ჩაუყენებია, პრობლემა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება და 9 მილიონი, რაც უნდა გადაეხადა სონღულაშვილს არარეალური იყო, შესაბამისად, ხელახლა მოხდა დაანგარიშება.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოსალოდნელი იყო, რასაც იტყოდა, მათი ძირითადი არგუმენტები პოპულიზმზეა დამყარებული. კოეფიციენტის ყიდვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება, უნდა ვაღიაროთ, რომ არის გარკვეულ კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზი, რომელიც ჩვენ მიერ ვერ მოხდა გათვალისწინება, მას უწევდა არაგონივრული თანხის გადახდა. იურიდიულად გამართულ გადაწყევტილებას ვიღებთ ჩვენ დღეს და კომისიამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა,“ - ამბობს რეზი სოხაძე. 

მსგავსი სიახლეები